მიტანის სერვისი: 0 A

ბლოგი

ამბავი უკველი "რომეოსი"
 ამბავი უკველი "რომეოსი"

თქვენ ალბათ გგონიათ, რომ ჩემი მეგობრები გამოგონილი გმირები არიან - განსხვავებული ტყუპები მა და კი, რომლებიც ყოველთვის კამათობენ, ენამწარე ვასაბი და დეპრესიული ჯინჯერი, ან ყოველთვის გაწონასწორებული და მშვიდი სო იო. არა, ესენი რეალური ადამიანების, ჩვენი გუნდის წევრების პროტოტიპები არიან. ამ ისტორიას ვრცლად შემდეგში მოგიყვებით. ახლა კი მინდა ჩვენი კიდევ ერთი, უფრო სწორად ორი მეგობრის ამბავი მოგიყვეთ და თქვენგან რჩევები მივიღო.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ერთ წვიმიან დღეს ჩვენს ოფისში პატარა, საყვარელი, წითური გოგო შემოვიდა. მისი პირველი დღე იყო ჩვენს გუნდში. ნამდვილ სახელს არ ვიტყვი, არ მინდა შერცხვეს. ყველაფერზე ლოყები უწითლდებოდა და დაბნეული აფახულებდა გრძელ წამწამებს. პატარა წიწილასავით იყო და ასეც შეერქვა. ჰოდა ეს პატარა, გალუმპული წიწილა ჩვენს გუნდს წარვუდგინე. ისიც მორიდებული ბავშვივით თავდახრილი იდგა და მორცხვად იღიმოდა.

ყველამ, რა თქმა უნდა, დიდი სითბოთი და სიყვარულით მივიღეთ, სხვანაირად შეუძლებელია მოექცე. თითქოს გაიძულებს გიყვარდეს - ოჯახში პატარა წევრი რომ შეგემატება და ყველა რომ უფრთხილდება, ისე გახდა ჩვენთვის.
,,წიწილიკო ყავა ხომ არ გინდა?“
,,წიწილ, ხომ არ ვჭამოთ?“
,,გოგო, რას დადიხარ  კედებით ამ სიცივეში?!“

და ასე ყველა... ყველა, ერთი უცნაური ბიჭის გარდა.

ეს ბიჭი IT დეპარტამენტში მუშაობს და ალბათ, როგორც სტანდარტული დეველოპერი,  დიდი კომუნიკაბელურობით არასდროს გამოირჩევა. ცოტა უჟმურიც კია, ვერ გაიგებ როდის რა უხარია და სწყინს. მაგრამ მაინც კარგი ბიჭია. ერთი უცნაური ჩვევა აქვს - როცა რაღაც გაუხარდება ან რამეში მართალი აღმოჩნდება ამ სიტყვას დიდი ექსპრესიით ამბობს: „უუნაგიიიიი“ (აბა, თუ გაგახსენდებათ, რომელ ამერიკულ სერიალში ამბობენ ამ სიტყვას) და ჩვენც უკვე მიჩვეულები რომ ვართ მის რეაქციას, გავეცლებით ხოლმე.
ერთხელ შევამჩნიე, რომ ეს ჩვენი უჟმური დეველოპერი გოგონას მიმართ შესამჩნევ დისტანციას იჭერდა. თავიდან კი გამიკვირდა, მაგრამ რამდენიმე კვირაში შევნიშნე მალული მზერა ჩვენი წიწილასადმი. მასთან საქმე თუ ჰქონდა, თვალებში ვერ უყურებდა და თან ჩამოყალიბებული საუბარიც საკმაოდ უჭირდა. მაშინ ყველაფერს მივხვდი. მალე მთელს ოფისს მოედო ჩვენი „რომეოს“ ამბავი და დაიწყო ჩვენი გართობაც. საწყალი, ავიკელით მუჯლუგუნებით, შეძახილებითა და კომენტარებით. ხომ იცით, როგორც ხდება ხოლმე. ჩვენი წიწილაც, რა თქმა უნდა, ვითომ ვერაფერს ამჩნევდა.
ახლაც ასეა, ჩაიცინებს ხოლმე მორცხვად...

შორიდან რომ ვუყურებდი მათ სასაცილო ურთიერთობას,  სწორედ მაშინ გადავწყვიტე, რომ ისინი იქნებოდნენ ჩვენი გმირების - ნიგირისა და ფილადელფიას პროტოტიპები - ორი მორიდებული, შეყვარებული სუშიკუნა

თავიდან, აწ უკვე ჩვენი გმირი ნიგირი არ ტყდებოდა წიწილას სიყვარულში. სულ ბრაზდებოდა, უარყოფასაც კი „კადრულობდა“. თუმცა, როდესაც მიხვდა, რომ მაგას „არ ვჭამდით“, როგორც ძველად იტყოდნენ „დაყაბულდა“ და ძლივს გამოვტეხეთ, რომ წიწილა-ფილადელფიაზე იყო შეყვარებული.
მაგრამ რად გინდა, უარესად მორცხვი და მორიდებული აღმოჩნდა სასიყვარულო ფრონტზე. დღემდე თავს ვერაფერს უხერხებს, ვერ გამოუტყდა გრძნობებში ჩვენს გოგოს. ხან რა ვურჩიეთ, ხან რა დავუგეგმეთ, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, ენა უვარდება პირში. წარმოიდგინეთ, პირისპირ რომ რჩებიან, უხერხულობისგან რა თქვას ხოლმე აღარ იცის.
„უნაგისაც“ კი უკვე ისე საცოდავად ამბობს, აგეტირებათ
ეს ჩვენი ფილადელფია კი კარგად ხვდება ყველაფერს, მაგრამ რას იზამს?
კარგად კი იფერებს მდგომარეობას, წიწილა ეძახეთ თქვენ და!..

ამასობაში, ყველა ჩვენგანი დაიწვა ამ განიგირებული რომეოს ცოდვით.

უკვე არც ჩვენი რჩევა, არც დარიგება და აღარც ხუმრობები შველის.
დაგვიდნა თვალსა და ხელს შუა ბიჭი, სერიოზული ამბავია

ჰოდა, გადავწყვიტე თქვენთვის მომემართა. ჩვენ ვეღარაფერს ვშველით და იქნებ თქვენ მაინც შემოგვეშველოთ იდეებით. გვირჩიეთ, ან ჩვენ ან ამ მიჯნურებს რამე, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაადგან საშველი...

ველით მოუთმენლად იდეებს და თუ გაჭრა, გაგაგებინებთ

თქვენი ჰასი

მსგავსი სტატიები

ბატონი ჰასი

 

 

რამდენიმე კვირაა რაც აქ ვარ და უკვე ბევრი საინტერესო ამბავი გადამხდა... ხოდა, ვიფიქრე, რატომაც არა... მოვყვებით ჩემს შესახებ, ჩემს , ჩვენს ამბებს და ცოტა უფრო სხვანაირად დაგანახებთ აქაურ ცოტა გიჟირ, ზოგჯერ ქაოსურ, მაგრამ ძალიან სახალისო ამბებს...
ჰო, მრათლა, მე ჰასი ვარ... ჩემი სახელი იაპონურიდან მოდის დ ა „ჩხირებს“ ნიშნავს... ვიცი, ვიცი... სანამ ზოგიერთი მოჰყვება ღრმად განსწავლულობას იაპონურ გრამატიკა-ლიტერატურა-მორფოლოგი-სინტაქსებში, დაგასწრებთ და გეტყვით- ვიცი, იაპონურად „ჰაშია“ სწორი, თუმცა ჰაში ცოტა სხვა ასოციაციებთან მიდის, ამიტომაც გადავწყვიტე „ჰასი“ვყოფილიყავი...
ასე, რომ დღეიდან შეგიძლიათ ჰასი სამა - ბატონი ჰასი მიწოდოთ.... ნუ, თუ უფრო ფამილიარულობა გსურთ, მხოლოდ ჰასისაც სიამოვნებით დავჯერდები



Read more
რა მოხდა 8 მარტს?


გამარჯობა,


მე გიორგი ვარ, უკვეს კურიერი!


უკვე 8 თვეა ყოველდღე თქვენთან მომაქვს ჩვენი გემრიელი მენიუ, რომელიც სხვათა შორის, განახლებულია და ჩვენი გამოძახებების რაოდენობაზეც უკვე აისახა.
რაც აქ ვმუშაობს დღე არ გავა რამე კურიოზს, ან უცნაურ ამბავს არ გადავეყარო, მაგრამ ის რაც 8 მარტის აქციაზე მოხდა ყველაზე სახალისო და სასიამოვნო ამბავი ჩემი აქ ყოფნის განმავლობაში...



Read more